ავტორიზაცია

TP53, KRAS, APC გენებისა და რიბოსომული ცისტრონების აქტივობის ცვალებადობის შესწავლა კოლორექტული კიბოს დროს
ავტორი: ნინო ჩიღვინაძეთანაავტორები: მაია გაიოზიშვილი, თამარ ბუაძე, თამარ სიგუა
საკვანძო სიტყვები: კოლორექტული კიბო, p53, APC, KRAS გენები, რიბოსომული ცისტრონები
ანოტაცია:
კოლორექტული კიბოს (კრკ) ხვედრითი წილი ონკოლოგიურ დაავადებებში ძალიან მაღალია. ბოლო მონაცემებით იგი ყველაზე გავრცელებულ სამ სიმსივნეს შორის არის დასახელებული. 2022 წლის მონაცემებით მსოფლიოში კრკ-ს დაახლოებით 1.900.000 შემთხვევა გამოვლინდა (სიმსივნეთა საერთო რაოდენობის 10 %) (Sung 2022). „ამერიკის კიბოს საზოგადოების“ (American Cancer Society) 2022 წლის მონაცემებით კი კრკ-ს 104, 610 შემთხვევა გამოვლინდა, 53, 200 ადამიანი კი დაიღუპა. კოლორექტული კიბო (კრკ) ისევე როგორც სხვა ონკოლოგიური დაავადებები, გენეტიკურად განპირობებულ მულტიფაქტორულ დაავადებებს მიეკუთვნება. დადგენილია, რომ კრკ–ს განვითარებასა და მეტასტაზირებაში დიდ როლს თამაშობს, როგორც გენეტიკური, იმუნოლოგიური, ასევე გარემო ფაქტორები. როგორც უკვე აღვნიშნეთ კანცეროგენეზი ასოცირებულია მთელ რიგ გენეტიკურ მოვლენებთან, რომლებიც გენთა გარკვეულ ჯგუფებში მიმდინარეობს, აქვს ეტაპობრივი ხასიათი, ასევე გენ-სუპრესორებისა და ონკოგენების ურთიერთქმედებას მოიცავს. იდენტიფიცირებულია კრკ-ს განვითარებაზე პასუხისმგებელი მრავალი გენი, აღწერილია ოჯახური ფორმებიც. კერძოდ, ნაჩვენებია კრკ-ს განვითარების მაღალი რისკი ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზის შემთხვევაში. როგორც აღნიშნავენ, სიმსივნეების ნეოპლასტიკური ცვალებადობა ასოცირებულია ბირთვაკის შეცვლილ მორფოგენეზთან, რაც, თავის მხრივ გარკვეულ როლს ასრულებს სუპრესორი გენების p53-ისა, APC-ის და პროონკოგენის KRAS–ის რეგულირებაში.