ავტორიზაცია

აკროცენტრული ქრომოსომების ასოციაციური აქტივობისა და GSTT1, GSTM1 გენების პოლიმორფული ვარიანტების განსაზღვრა ფილტვის ტუბერკულოზის სენსიტიური და რეზისტენტული ფორმების დროს
ავტორი: ქეთევან გოგიძესაკვანძო სიტყვები: ტუბერკულოზი, ეპიტალონი, გლუტათიონ S -ტრანსფერაზა
ანოტაცია:
ფილტვის ტუბერკულოზი (ფტ), როგორც ქრონიკული ინფექციური დაავადება, მისი გლობალური გავრცელებისა და მასთან ასოცირებული მაღალი ლეტალურობის გამო მრავალი მიმართულებით შეისწავლება. ბოლო პერიოდში, ფტ-ს განვითარებაში დაავადებულთა გენოტიპის როლის გამოკვეთის შედეგად განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ტუბერკულოზთან დაკავშირებულმა გენეტიკურმა კვლევებმა. მიღებულია, რომ ტუბერკულოზი მემკვიდრული წინასწარგანწყობის დაავადებაა. ამ ტიპის დაავადებებისათვის ზოგადად დამახასიათებელია ეპიგენეზური პარამეტრების საგრძნობი ცვალებადობა. ერთი მხრივ, ინტერესს იწვევს ამ ცვალებადობის ხასიათის შედარებითი შესწავლა ფტ-ს რეზისტენტული და სენსიტიური ფორმების დროს, რამაც შეიძლება გარკვეული როლი შეასრულოს მკურნალობის შესაბამისი სტრატეგიის დროულ შერჩევაში. მეორე მხრივ, მემკვიდრული წინასწარგანწყობის დაავადებებისას რეგულატორული ბუნების ოლიგოპეპტიდების მაკორეგირებელი ზემოქმედების გათვალისწინებით, პერსპექტიულად ისახება ოლიგოპეპტიდების გამოცდა ფტ-ს რეზისტენტული და სენსიტიური ფორმების დროსაც. ფტ, როგორც მულტიფაქტორული დაავადება დიდი რაოდენობით გენებისა და გარემოს მრავალი ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგად ვითარდება. თუ ადრეულ წლებში ფტ-ს სხვადასხვა კლინიკური ფორმების, კერძოდ, სენსიტიური და რეზისტენტული ფორმების განვითარება ძირითადად ასოცირებული იყო გამომწვევის მგრძნობელობასთან ტუბერკულოზის საწინააღმდეგო თერაპიაში გამოყენებული პირველი რიგის მედიკამენტების მიმართ, ბოლო წლების ლიტერატურაში სულ უფრო დიდი ყურადღება ეთმობა თავად ინდივიდის გენეტიკურ კონსტიტუციას. ამ მხრივ, განსაკუთრებულად გამოკვეთილია ქსენობიოტიკების ბიოტრანსფორმაციაში მონაწილე გენების როლი. ფილტვის ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმების განვითარებაში ინდივიდის გენომის ეპიგენეზური ცვალებადობისა და ქსენობიოტიკების ტრანსფორმაციაში მონაწილე გენების როლის შესწავლის აქტუალობიდან გამომდინარე სადისერტაციო შრომის მოცემული განაკვეთის მიზანს წარმოადგენდა: რიბოსომული გენების დიფერენცირებული აქტივობის ცვლილებებისა და რეგულატორული ოლიგოპეპტიდებით მათი კორექციის შესაძლებლობის შეფასება და GSTT1 და GSTM1 გენების პოლიმორფული ვარიანტების მატარებლობის განსაზღვრა ფილტვის ტუბერკულოზის სენსიტიური და რეზისტენტული ფორმების დროს წარმოდგენილ ნაშრომში კვლევის მასალად გამოყენებული იყო ტუბერკულოზით პირველადად დაავადებულთა სენსიტიური (20 ინდივიდი), მულტირეზისტენტული (20 ინდივიდი) პერიფერიული სისხლის ლიმფოციტარული კულტურების უჯრედები, საკონტროლოდ გამოიყენებოდა კლინიკურად ჯანმრთელი საშუალო ასაკის 10 ინდივიდის ლიმფოციტარული კულტურები. ქრომატინის მამოდიფიცირებელ ფაქტორებად გამოყენებული იყო: ოლიგოპეპტიდები ეპიტალონი და ლივაგენი და ლივაგენ-კობალტის ნარევი. გენომური პარამეტრის სახით შეისწავლებოდა ფტ-ს რეზისტენტული და სენსიტიური ფორმების დროს აკროცენტრულ ქრომოსომათა ასოციაციური აქტივობა Ag-დადებითი ქრომატიდების აღრიცხვის გზით. ნაჩვენებია, რომ ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ფტ-ს ორივე შესწავლილი ფორმის დროს რამდენადმე დაქვეითებულია საკონტროლოსთან შედარებით. დაფიქსირდა მხოლოდ კლების ტენდენცია. გამოვლენილ სურათზე ქრომატინის მამოდიფიცირებელი აგენტებით ზემოქმედება მნიშვნელოვან ზეგავლენას არ ახდენდა. ასოციაციური მაჩვენებლის სტატისტიკურად სარწმუნო დაქვეითება კონტროლთან შედარებით აღინიშნა მხოლოდ 2-ქულიანი Ag-დადებითი ქრომატიდების აღრიცხვისას. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ფტ-ს ორივე ფორმისათვის დამახასიათებელია აკროცენტრულ ქრომოსომათა თანამგზავრული ძაფების გაზრდილი ჰეტეროქრომატინიზაცია და, შესაბამისად, რიბოსომული გენების აქტივობის დაქვეითება. გამომდინარე აღნიშნულიდან, ადგილი აქვს უჯრედებში ცილამასინთეზირებელი აქტივობის დაქვეითებასაც. რაც შეეხება GSTT1 და GSTM1 გენების პოლიმორფული ვარიანტების ანალიზს, როგორც შედეგებიდან ჩანს ორმაგი ნულოვანი გენოტიპი ორივე ფორმით დაავადებულ ინდივიდებში სარწმუნოდ აღემატება ჯანმრთელი ინდივიდების შესაბამის მონაცემს (12,5±2,1 და 11,1±1,7 ფტ-ს დროს; 3±0,1 - კონტროლში), ამავდროულად გამოვლინდა ფტ-ს რეზისტენტული ფორმის დროს დაფიქსირებული GSTT1 და GSTM1 გენების ორმაგი ნულოვანი გენოტიპის მაჩვენებლის მატების ტენდენცია სენსიტიური ფორმით დაავადებულთა ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. გაკეთებულია დასკვნა, რომ ფტ-ს დროს GSTT1 და GSTM1 გენების პოლიმორფული ვარიანტების კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს გენოტიპის მნიშვნელობას დაავადების განვითარებაში.