ka | en
Company Slogan TODO

არგასისებრი ტკიპები ღორის აფრიკული ცხელების ვირუსის გადამტანები

ავტორი: თამარ ჭუნაშვილი
საკვანძო სიტყვები: არგასისებრი ტკიპები, ღორის აფრიკული ცხელება, საქართველო
ანოტაცია:

ღორის აფრიკული ცხელება წარმოადგენს გადამდებ და მომაკვდინებელ ვირუსულ დაავადებას, რომელიც გავლენას ახდენს ყველა ასაკის როგორც შინაურ, ისე გარეულ ღორებზე და დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას. ღორის აფრიკული ცხელება არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, არ გადაეცემა ღორიდან ადამიანზე და არ არის სურსათის უვნებლობის საკითხი. კავკასიის რეგიონში ღორის აფრიკული ცხელების შემთხვა პირველად ოფიციალურად 2007 წლის ივნისსში დაფიქსირდა. დაავადების პირველი კლინიკური შემთხვევები ფოთის პორტში აღინიშნა. შემდეგ ვირუსი აღმოსავლეთის მიმართულებით გავრცელდა, მიყვებოდა რა მთავარ სატრანსპორტო მარშრუტებს. საქართველოს 65 რაიონიდან 52 ინფიცირებულად იქნა მიჩნეული, 30 000-ზე მეტი ღორი მოკვდა და 3 900 ღორი დაიკლა. ღორის აფრიკული ცხელება ვრცელდება დასენიანებულ, ან ვირუსმატარებელ ღორებთან ჯანმთელი ღორების კონტაქტით. პათოგენის პირველადი გადამტანია არგასისებრი პარაზიტული ტკიპები. ინკუბაციის პერიოდია 2-5 დღე, ლეტალობა 98-100%-ია. ღორის ცოცხლად გადარჩენის შემთხვევაში იგი 3 თვე ვირუსის მატარებლად ითვლება. დასავლეთ პალეარქტიკაში გავრცელებულია არგასისებრი ტკიპების 13 სახეობა, რომლებიც ორ გვარში Argas (6 სახეობა) და Ornithodoros (7 სახეობა) არიან გაერთიანებულნი. კავკასიაში ცნობილია არგასისებრი ტკიპების ოთხი სახეობა (Manzano-Román et al., 2012). მათგან ორი - Ornithodoros alactagilis და O. Verrucosus რეგისტრირებულია აღმოსავლეთ საქართველოში (Маруашвили, 1965; Филипова, 1966; Гугушвили, 1972), O. asperus - მთელ კავკასიაში, ხოლო O. lahorensis - სომხეთში. ყველა ეს სახეობა ცნობილია, როგორც ღორის აფრიკული ცხელების ვექტორი. არგასისებრი ტკიპები საქართველოში კარგად არაა შესწავლილი ამ ორგანიზმების ცხოვრების ნირიდან და მათი მოპოვების სირთულიდან გამომდინარე. ცნობილია რომ Ornithodoros გვარის ტკიპებში ღორის აფრიკული ცხელების გამომწვევი პათოგენი რამდენიმე წელს ძლებს (OIE 2007). მიუხედავად იმისა რომ ღორის აფრიკული ცხელება ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესებული მკაცრი სატრანსპორტო (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო) შეზღუდვები დიდ სირთულეებს ქმნის ადამიანის საქმიანობისათვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com